საქართველოზე გამავალი დერეფნის მეშვეობით, ყულევის ტერმინალის გავლით, წლიურად დაახლოებით 1.5 მილიონ ტონა თურქმენული ნავთოპროდუქტის ტრანზიტის სტაბილური პერსპექტივა იკვეთება.
ეს შესაძლებელი გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის შედეგად:
• თურქმენბაშის ნავსადგურში უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ნავთობტერმინალის ამოქმედებამ გაზარდა გადამუშავებისა და გადატვირთვის შესაძლებლობები.
• აზერბაიჯანის მიერ „ღია კარის“ პოლიტიკის გატარება, რაც ყულევის ტერმინალზე უცხოური ტვირთმფლობელებისთვის თავისუფალ დაშვებას ითვალისწინებს, ხელს უწყობს თურქმენული ტვირთების მოზიდვას.
• რუსეთ–უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული ლოგისტიკური დაბრკოლებები ვოლგა–დონის მარშრუტზე და უსაფრთხოების პრობლემები აზოვის ზღვაში ზრდის ალტერნატიული მარშრუტების, მათ შორის – საქართველოს დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
ყულევის ტერმინალი, რომლის წლიური გამტარობა 10 მლნ ტონას აღემატება, წარსულში მხოლოდ 20%-ით იყო დატვირთული. ახალი პოლიტიკის შედეგად, 2024 წელს ტერმინალმა დამატებით მიიღო - თვეში საშუალოდ 40–50 ათასი ტონა თურქმენული და 20–30 ათასი ტონა ყაზახური ნავთობპროდუქტი (მათ შორის: გაზოილი, პარაქსილოლი, ბენზოლი და მაზუთი).
ყულევში იგეგმება დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობაც – შეკუმშული აირისა და ნავთობქიმიური ტვირთების მისაღებად, რაც ტერმინალის წლიურ ტვირთბრუნვას 2-დან 4 მილიონ ტონამდე გაზრდის.
გეოპოლიტიკური ცვლილებები და რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ქმნის რეალურ საფუძველს თურქმენული ნავთოპროდუქტების ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს შესაძლებლობა უნდა იქცეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად, რაც ქვეყნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ პოზიციას გააძლიერებს.