2025 წელს შუა დერეფნით ჩინეთიდან გატარებული ბლოკმატარებლების რაოდენობამ 500 ერთეულს მიაღწია, ჩინეთი - ევროპა - ჩინეთის 21 000-ბლოკმატარებლიან საერთო მოცულობაში მისი წილი უმნიშვნელო — მხოლოდ 2.3%-ს შეადგენს, თუმცა, შეინიშნება ზრდის ტენდენცია.
შუა დერეფნით ჩინეთი - ევროპა - ჩინეთის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკმატარებლებით გადაზიდვების ზრდის ტენდენცია აჩქარებს დერეფნის ქვეყნების ინფრასტრუქტურულ განახლებას. ამ პროცესში საკვანძო როლი შეასრულა საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მიერ ერთობლივი ოპერატორის — Middle Corridor Multimodal LLC-ის დაარსებამ და მასში ჩინეთის ოპერატორის China Railway Container Transport Corp. Ltd. (CRCT) ჩართვამ.
შუა დერეფნის ზრდის შესაფასებლად საჭიროა მისი წილის დანახვა ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის საერთო გადაზიდვებში, რაც ბოლო წლებში წითელ ზღვაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად შეცვალა. დღესდღეობით აშკარად მიმდინარეობს საზღვაო გადაზიდვების ნაწილობრივი ჩანაცვლება სახმელეთო მარშრუტებით. ამ პროცესის მხარდასაჭერად ჩინეთში ამოქმედდა მსხვილი ლოგისტიკური ტერმინალები სიანში, ჩენდუში, ჩუნცინში, ჩენჩჟოუში და იუში, სადაც ხდება ბლოკმატარებლების ფორმირება, ევროპაში გაგზავნა და რევერსული ტვირთების მიღება. რკინიგზით გადაზიდვების სწრაფი ზრდა ჩინეთის მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომელიც ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით სარკინიგზო ტრანსპორტს ანიჭებს პრიორიტეტს.
ევროპისკენ რკინიგზით გადაზიდვები დროის თვალსაზრისით აშკარა უპირატესობას აჩვენებს. ჩინეთიდან ევროკავშირის საზღვრებამდე ტვირთი 7–10 დღეში აღწევს, მაშინ როცა ზღვით, აფრიკის შემოვლითი მარშრუტით, ეს პროცესი 60 დღემდე გრძელდება. დღეს ჩინეთის 128 ქალაქი რკინიგზით დაკავშირებულია 26 ევროპის ქვეყნის 229 ქალაქთან და აზიის 11 ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქთან.
როგორც უკვე ვთქვით, 2025 წელს შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების წილი, ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის საერთო მოცულობაში, 2.3 % -ს შეადგენს. 2030 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებლის თუნდაც 5%-მდე გაზრდა (დაახლოებით 1 500 ბლოკმატარებელი წელიწადში) უნდა იქცეს დერეფნის მონაწილე სახელმწიფოების ერთობლივ სტრატეგიულ პრიორიტეტად.