სიახლეები

გაჭიანურებული სასაზღვრო-საბაჟო პროცედურები და საზღვრებზე ინფრასტრუქტურის არასაკმარისი გამტარუნარიანობა - შუა დერეფნის გადაულახავი პრობლემები

International Road Transport Union-ს (IRU) გენერალურმა მდივანმა, Umberto de Pretto-მ, ვენაში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობა სწრაფად იზრდება და 2030 წლისთვის გადაზიდვების მოცულობა, სავარაუდოდ, გასამმაგდება. თუმცა, მისი შეფასებით, თუ დერეფნის ქვეყნებს შორის საზღვრის გადაკვეთის პროცედურები არ გაუმჯობესდება, მოსალოდნელ ზრდასთან შედარებით გადაზიდვების მოთხოვნა შესაძლოა 35%-ით შემცირდეს.

2022 წლიდან მოყოლებული არაერთმა ლოჯისტიკურმა კომპანიამ, ალტერნატივის ძიების პროცესში, შუა დერეფანს მიაშურა. აღნიშნულმა ტენდენციამ საქართველოს საავტომობილო მონაკვეთზეც დადებითად იმოქმედა - მხოლოდ 2022 წელს სატრანზიტო გადაზიდვები 50%-ით გაიზარდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ზრდა შემდგომ წლებშიც გაგრძელდებოდა, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა. აღმავალი დინამიკის ნაცვლად, საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო გადაზიდვებმა კლების ტენდენცია მიიღო.

სტატისტიკური მონაცემები შემდეგ სურათს აჩვენებს:

  • 2023 წელს საქართველო ტრანზიტად გადაკვეთა 514 300 სატვირთო ავტომობილმა;
  • 2024 წელს - 513 600-მა;
  • 2025 წელს - 489 500-მა.

შედეგად, 2023–2025 წლებში საქართველოს დერეფნის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტული გადაზიდვები დაახლოებით 5%-ით შემცირდა.

გადამზიდავი კომპანიები და მძღოლები კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაჭიანურებულ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურებს ასახელებენ. მათი თქმით, შუა დერეფნის მთელ სიგრძეზე ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად რჩება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დაბალი გამტარუნარიანობა და ხანგრძლივი ლოდინის დრო.

 

IRU-ს შეფასებითაც, სწორედ საზღვრებია დერეფნის ყველაზე სუსტი რგოლი. ორგანიზაციის მოსაზრებით, საავტომობილო ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციები არაეფექტიანი ხდება, თუ სატვირთო ავტომობილებს სასაზღვრო პუნქტებზე დღეების განმავლობაში უწევთ დაყოვნება.

 

სექტორში დასაქმებული ქართველი მძღოლების შეფასებით, არსებული ვითარება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. დიდი მანძილების გავლისა და სხვადასხვა სირთულეების გადალახვის შემდეგ, მათ საზღვარზე დამატებითი დღეების გატარება უწევთ, რაც როგორც ფინანსურ, ისე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს იწვევს.

IRU ხაზგასმით მიუთითებს, რომ შუა დერეფნის ეფექტიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებასა და პროგნოზირებადობას. მიუხედავად ქვეყნებს შორის დეკლარირებული პოლიტიკური ვალდებულებებისა, სასაზღვრო პუნქტები კვლავ დერეფნის ყველაზე პრობლემურ რგოლად რჩება.

 

IRU-ს კვლევის შედეგად გამოვლინდა ძირითადი გამოწვევები:

  • საზღვრებზე სატრანსპორტო საშუალებების ხანგრძლივი ლოდინის დრო და განმეორებითი მონიტორინგი;
  • სასაზღვრო პუნქტების არასაკმარისი გამტარუნარიანობა;
  • კასპიის ზღვის საბორნე ინფრასტრუქტურის შეზღუდული შესაძლებლობები და გაზრდილი დროის დანაკარგი;
  • საზღვრებთან არასაკმარისი საპარკინგე სივრცეები და მძღოლებისთვის არასათანადო დასვენების პირობები;
  • ინსპექტირების შედეგების სუსტი ურთიერთაღიარება დერეფნის ქვეყნებს შორის.

 

IRU-ს პრეზიდენტის განცხადებით, TIR სისტემა უზრუნველყოფს გლობალურად აღიარებულ ჩარჩოს, რომელიც ეფუძნება საბაჟო კონტროლის პროცედურების ურთიერთაღიარებას, საერთაშორისო გარანტიასა და დალუქული ტვირთის უსაფრთხო გადაადგილებას. ფიზიკური შემოწმების, დოკუმენტაციის დუბლირებისა და ოპერატორებისთვის გაურკვევლობის შემცირების გზით, TIR განსაკუთრებით ეფექტიანია ტრანსრეგიონული დერეფნებისთვის, როგორიცაა შუა დერეფანი.

IRU-ს შემაჯამებელი რეკომენდაციის თანახმად, სასაზღვრო გადასასვლელებზე არსებული შეფერხებები ძირს უთხრის დერეფნის საიმედოობას, ზრდის ხარჯებს და ამცირებს მის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზარზე.

 

ddd