ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომლებიც წარსულში ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე იყვნენ ორიენტირებულნი, დღეს მზარდად აგზავნიან ადგილობრივი წარმოების, გადამუშავებულ სამრეწველო პროდუქციას.
მაღალტექნოლოგიური საწარმოების შექმნის შედეგად, რეგიონში იზრდება მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების იმპორტი, რაც შუა დერეფანში რევერსულ ტვირთნაკადებს აჩენს.
საქართველოსთვის პრიორიტეტულია ამ ტვირთების ეფექტური ტრანსპორტირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს ფოთის პორტის ტერიტორიაზე შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გაფართოება, რომელიც აქამდე „პეის ტერმინალის“ სახელით ფუნქციონირებდა.
ნავსადგურის გაფართოება ითვალისწინებს ცენტრალური აზიიდან ახალი ტიპის ტვირთების მიღებასა და გადამუშავებას. დამატებითი სიმძლავრეების განვითარება ზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რაც პირველი ეტაპის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
გაფართოება ასევე გულისხმობს ნავსადგურის აკვატორიის 12.5 მ-მდე გაღრმავებას, რაც საშუალებას მისცემს პორტს მიიღოს 40 000 ტონამდე ტევადობის გემები - რაც დღევანდელი ქართული პორტებისთვის შეუძლებელია.
რაც შეეხება არსებული ნავსადგურის ტერიტორიის ფარგლებში გაფართოებას, ანუ მეორე ფაზის განვითარებას, გათვალისწინებულია - მეორე ნავმისადგომის მოწყობა. რომელიც სხვა ტვირთებთან ერთად, ცენტრალური აზიიდან წამოსული კარბამიდის გაზრდილი მოცულობების გადატვირთვას მოემსახურება.
აქედან გამომდინარე, საქართველოზე გამავალ დერეფანს ცენტრალური აზიიდან დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობა გაუჩნდება, გარდა ამისა, საქართველოს ორივე - ბათუმის და ფოთის ნავსადგურში ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე, კარბამიტის გაზრდილი მოცულობების მიღება – გადამუშავება იქნება შესაძლებელი.