სიახლეები

საქართველო, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო ჰაბი CASCA+ მარშრუტზე

საქართველოს გავლით ცენტრალური აზიიდან ახალი ტვირთნაკადების მოზიდვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს წარმოადგენს. ამისთვის აუცილებელია ქვეყნის სატრანზიტო პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა რეგიონის ახალი ტვირთების გადაზიდვის მოთხოვნებზე იყოს მორგებული.

 

უზბეკურმა რკინიგზის საკონტეინერო ოპერატორმა კომპანიამ JSC Uztemiryulkonteyner CASCA+ სატრანზიტო მარშრუტის მულტიმოდალური გადაზიდვების გაფართოება დაანონსა, რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოს, ყირგიზეთს, თურქმენეთს, თურქეთსა და უზბეკეთს. სახელწოდებაში „+“ აღნიშნავს პროექტში ახალი მონაწილეების ჩართვის შესაძლებლობას, საბოლოო მიზანი კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ევროპის ქვეყნების დაკავშირებაა.

 

სერიგელის ლოჯისტიკური ცენტრიდან განხორციელდა 39 ერთეული 40-ფუტიანი კონტეინერის ქიმიური სასუქის (კარბამიტი) სატესტო გადაზიდვა იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის პორტების მიმართულებით, ტრანზიტის საშუალო ხანგრძლივობამ 25-30 დღე შეადგინა, ფოთის პორტის გავლით.

 

CASCA+ სატრანსპორტო დერეფანი საქართველოსთვის სტრატეგიული შესაძლებლობაა - ეს ხელს უწყობს უზბეკური პროდუქციის, მათ შორის მალფუჭებადი ხილისა და ბოსტნეულის, გლობალურ ბაზრებზე მიწოდებას, აძლიერებს საზღვაო კავშირს შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და ზრდის ტრანზიტის ეფექტურობას.

 

2024 წელს მხარეებმა გადაწყვიტეს კოორდინაციის გაძლიერება კონსორციუმის შექმნით, ტარიფების სტრუქტურის მოწესრიგება და ონლაინ მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის უსაფრთხოებასა და კონკურენტუნარიანობას. საქართველოსთვის პრიორიტეტულია CASCA+ დერეფნის ეფექტური გამოყენება დამატებითი ტვირთების მოზიდვისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას.

ddd