მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს გლობალურ სავაჭრო ბაზარზე, რომელიც ირიბად საქართველოზე გამავალ შუა დერეფანზეც აისახა. ამის მიზეზია წითელ ზღვაში, იემენის ხუსიტი ამბოხებულების, სავაჭრო ფლოტზე მუდმივი თავდასხმები, რაც გემთფლობელებს უბიძგებს ეძებონ ახალი გადაზიდვის მარშრუტები. თუ წითელი ზღვის გავლით, შანხაიდან – როტერდამამდე მარშრუტის სიგრძე 18 250 კმ-ს შეადგენდა, აფრიკის შემოვლით, კეთილი იმედის კონცხით, 25 000 კმ-ია, რამაც პრაქტიკულად 8-10 დღით გაზარდა გადაზიდვის დროის ხანგრძლივობა.
არსებული კონფლიქტის გამო საკონტეინერო გადაზიდვების იმპორტი ჩინეთიდან ევროპაში მკვეთრად გაძვირდა, 2024 წლის მაისიდან ტარიფები დრამატულად გაიზარდა ერთ TEU-ზე 3 200 დოლარიდან და პიკს აგვისტოში მიაღწია – TEU-ზე 8 500 დოლარი. მოგვიანებით, ტარიფები შემცირდა და სადღეისოდ ერთ TEU -ზე 4 500 – 5 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს
მიუხედავად ტარიფების კლებისა, მსხვილი ტვირთმფლობელები და გემთმფლობელები, თავს იკავებენ პირვანდელ მარშრუტზე დაბრუნებისგან, ტვირთების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი ალტერნატიულ მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე გადაინაცვლა. შედეგად, 2024 წელს შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 4.6 მლნ ტონას მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 68 % – იანი ზრდაა.
შესაბამისად, წითელ ზღვაში არსებული გლობალური დაპირისპირებები შეიძლება იყოს ფაქტორი, რომელიც შუა დერეფნის გააქტიურებასა და გამოყენების ზრდას უწყობს ხელს