აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი ახალი სატვირთო ხაზის ფარგლებში, ჩინეთის კიდევ ერთი რაიონიდან, პეკინის ფანშანის რაიონში მდებარე სადგურიდან, ავტონაწილებითა და მექანიკური აღჭურვილობით დატვირთული პირველი მატარებელი გავიდა. მას 104 სტანდარტული კონტეინერი და 15 მილიონ იუანზე (დაახლოებით 2.1 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ტვირთი გადააქვს.
მატარებელი სინძზიან-უიგურის ავტონომიური რეგიონის ხორგოსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით კასპიის ზღვაში ყაზახეთის პორტ აქტაუსკენ მიემართება. ტვირთი ზღვით აზერბაიჯანის ალიათის პორტში შევა, იქიდან კი რკინიგზით ბაქოში გაიგზავნება. ბაქოდან კონტეინერები საქართველოში, თურქეთში, სერბეთსა და სხვა რეგიონულ ბაზრებზე გადანაწილდება.
ჩინეთის რკინიგზის სახელმწიფო კორპორაციის განცხადებით, ახალი მარშრუტი პეკინისა და მიმდებარე რეგიონებისთვის უფრო მოსახერხებელ და ეფექტურ ლოგისტიკურ არხს შექმნის. უწყების შეფასებით, ის შეამცირებს ხარჯებს, გაზრდის ექსპორტს და გააძლიერებს ჩინეთისა და რეგიონის, მათ შორის საქართველოს სავაჭრო კავშირებს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში, როგორც საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში, პირველად ჩავიდა China-Europe Express-ის მატარებელი ქალაქ უხანიდან. თბილისისა და ფოთის პორტის მიმართულებით გაგზავნილი ტვირთი 14.8 მილიონი იუანის (დაახლოებით 2.06 მილიონი დოლარი) ღირებულების მსუბუქ მექანიკურ აღჭურვილობას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და სამშენებლო მასალებს მოიცავდა. მგზავრობამ 18 დღე გასტანა. ეს ახალი მარშრუტი ხუბეის პროვინციას შუა დერეფანში აერთიანებს და ტვირთის ტრანსპორტირება მულტიმოდალური „რკინიგზა-ზღვა-რკინიგზის“ სქემით განხორციელდა.